აბიბოსი ერთი იმ "ასურელი მამათაგანია", რომლებიც VI საუკუნის შუა წლებში ჩამოვიდნენ საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებისა და დამკვიდრების მიზნით და რომელთა თაოსნობით აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მრავალი სავანე არსდება.
აბიბოსი სირიიდან მოყვა იოანე ზედაზნელს და ერთ ხანს მასთან ერთად მოღვაწეობდა ზედაზენზე, ხოლო შემდგომ ნეკრესის ეპარქია ჩაიბარა. მისი მღვდელმთავრობა საქართველოსათვის ძალიან მძიმე პერიოდს დაემთხვა. ქართლში დამკვიდრებული სპარსელები ყველა ღონეს ხმარობდნენ მაზდიანობის დასანერგად, რის წინააღმდეგაც მკაცრად გაილაშქრა აბიბოსმა. მან სპარსელთა ღმერთი - ცეცხლი შეურაცხყო: - "დაასხა მცირე წყალი ხენეში და დაშრიტა". მღვდელმთავრის ასეთმა მოქცევამ განარისხა სპარსელები. მათ შეიპყრეს აბიბოსი და მიჰგვარეს მარზპანს, მაგრამ იგი არც მარზპანს შეუშინდა, რისთვისაც "ქვით განტვნეს, მოკლეს და განათრიეს გარეშე ქალაქსა".
ნეკრესელი მღვდელმთავრის ასეთმა შეუპოვრობამ და თავგანწირვამ გარკვეული როლი შეასრულა ეპარქიის გაძლიერებისა და სამწყსოს გაზრდის საქმეში: გარდა ამისა, აბიბოს ნეკრესელის დამსახურება იმაშიც მდგომარეობს, რომ მან დიდი წვლილი შეიტანა მთიანეთის მოსახლეობის ქრისტიანებად მოქცევაში. აბიბოს ნეკრესელის ხსენების დღე 12 დეკემბერი. ამ დღეს ნეკრესში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ხალხი იკრიბება, ლოცვა აღევლინება და წმიდა აბიბოსს მეოხებას სთხოვენ.
სადღეისოდ, ეს დიდი და მნიშვნელოვანი სასულიერო -საგანმანათლებლო კერა საინტერესოა პირველ რიგში იმ უნიკალური და მხატვრული თვალსაზრისით ფრიად მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლების წყალობით, რომლებიც მრავლადაა შემორჩენილი მონასტრის ტერიტორიაზე. კომპლექსი შეიცავს ადრეუ IV საუკუნის სამლოცველოს, სამეკლესიან ბაზილიკას (VI-VIIსს.), გუმბათიან ეკლესიას (VIII-IX სს.), საეპისკოპოსო სასახლეს (IX ს.) კოშკს (XVI ს.) მარანს, რამოდენიმე სამეურნეო შენობის ნაშთს, სატრაპეზოს, ბერთა სენაკებს, მცირე სამლოცველოებს და სხვა.ძველი წყაროების მიხედვით ნეკრესი ქალაქს წარმოადგენდა, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა ჯერ კიდევ ქრისტიანობის წინარე ხანაში. ისტორიკოსთა ცნობით, ქალაქი დააარსა მეფე ფარნაჯომ, რომელიც მეფობდა 112-93 წლებში ჩვენს წელთაღრიცხვამდე - "(ფარნაჯომ)იწყო შენებად კახეთს ქალაქსა ნელქარისსა, რომელ არს ნეკრესი". ქალაქ ნეკრესის გაშენიანების შემდეგ ეტაპად, მემატიანეს ცნობით, შეიძლება ჩაითვალოს მეფე არშაკ მირვანის ძის მეფობის ხანა, ე. ი. ძველი წელთაღრიცხვის უკანასკნელი საუკუნე. "ქართლის ცხოვრების" ცნობითვე მეფე მირიანის დროს უკვე ჩვენი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში მისმა მამამძუძემ მირვანოზმა განამტკიცა ქალაქის ზღუდენი: "მირვანოზ ჰმატა ყოველთა სიმაგრეთა ქართლისათა და უმეტეს ყოველთასა მომტკიცნა ზღუდენი ნეკრესისა ქალაქისანი".
ჯერ კიდევ არ არის მოპოვებული ზუსტი მონაცემები იმის შესახებ, ესადაგება თუ არა ისტორიულ დოკუმენტებში არაერთგზის მოხსენებული ქალაქი ნეკრესი აწ არსებულ ქრისტიანულ კერას, თუმცაღა მათი იდენტიფიკაცია სავსებით დასაშვები და მისაღებია, მით უფრო, რომ XVIII საუკუნის ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი გვაუწყებს: "(ნეკრესში) არს აწცა საეპისკოპოზო და ზის ეპისკოფოზი, არამედ არღარაა ქალაქი".
ნეკრესის მონასტერში მშენებლობის დაწყება დაკავშირებულია საქართველოში ქრისტიანობის მიღებისა და მისი სახელმწიფო რელიგიად აღიარების პირველივე წლებთან. სწორედ ამ პერიოდში, აწინდელი კომპლექსის ცენტრში, ააგეს მცირე ზომის მინიატურული
სამლოცველო. თუმცა იგი სიმცირის, მრავალი გადაკეთბისა და თავისი უჩვეულო სილუეტის წყალობით მოკლებულია იმ იმპოზანტურობასა და მომხიბვლელობას, რომელიც შემატა მონასტერს შემდგომმა განაშენიანებამ, მისი მნიშვნელობა უდაოა. უპირველეს ყოვლისა იგი თავისთავად მთელი მომდევნო განაშენიანების საწყისს, ბირთვს წარმოადგენს და სწორედ მისგან წარიმართა სხვადასხვა მიმართულებით მონასტრის შემდგომი ზრდა.
მემატიანეს ცბობით, მირიან მეფის შვილიშვილის, მეფე თრდატის დროს (IV საუკუნის მესამე მეოთხედი) ნეკრესში სამლოცველო აშენდა. "ნაკრესის კახეთისასა ეკლესიად აღაშენა განსრულებით". კომპოზიციის არქაულობა და სხვა არქიტექტურულ ფორმათა ანალიზი საფუძველს გვაძლევს, რომ მატიანეში ნახსენები ეკლესია გავაიგივოთ აწ არსებულ მცირე ბაზილიკასთან.
ნეკრესის ეს უადრესი ეკლესია ზომით 4.6x3.8 მ2 , მსგავსად ამ რეგიონის სხვა ძეგლებისა ნაგებია ფლეთილი ქვით და დგას საგანგებოდ შექმნილ საყრდენზე (სუბსტრუქციაზე), რომელიც კრიპტაა (საძვალე) მოწყობილი. ეკლესიის მშენებელმა თავისი სამლოცველო მხოლოდ გარეგნულად დაამსგავსა ბაზილიკას (სამი ნავიდან ცენტრალური ბევრად მაღალია გვერდითებზე) და უგულვებელყო ამ ტიპის ისეთი არსებითი მხარეები როგორიცაა: ხაზგასმული გრძივი ღერძი, ნავთა გამყოფი სვეტის მწკრივი და სხვა. ეს დარღვევები მიგვანიშნებს, რომ ეკლესია ბაზილიკური ტიპის შენობის სიტყვიერი აღწერის საფუძველზე შეიძლება იყოს აგებული.
ეს მცირე თავისებური ნაგებობა გარეთა სივრცისკენ თაღებით იხსნება. როგორც ჩანს, ქრისტიანობის დამკვიდრების ამ პირველ ეტაპზე ეს გარემოება საშუალებას აძლევდა მლოცველს წირვის დროს გარეთ დარჩენილიყვნენ.
ეკლესიის ცენტრალური ნავი ძალიან ვიწრო და მაღალია. აღმოსავლეთით ნალისებრი ფორმის აფსიდით მთავრდება. ასევე ნალისებრია ფართო ფორმის თაღები, რომლითაც ცენტრალური ნავი გვერდითებს უკავშირდება.
მკაფიოდ გამოვლენილი ნალი, ქართული ხროთმოძღვრების ეს ერთ-ერთი ადრეული ფორმა, არაერთგზის არის გამოყენებული ამ სამლოცველოშიც. ასეთივე ნალისებრი ფორმის თაღით სრულდება ყველა სარკმელი. ადრეული პერიოდის მანიშნებელია კრიპტის არსებობა და აღმოსავლეთ კედელში კარის გაჭრა, რაც მომდევნო საუკუნეებში აღარ გვხვდება.
მოგვიანებით ეს ეკლესია საცხოვრებლად იყო გადაკეთებული და დროთა მანძილზე საგრძნობი ცვლილებებიც განიცადა.
ნეკრესის ამ მცირე ბაზილიკის მნიშვნელობა მის სიძველეში და ორიგინალურ გადაწყვეტაში მდგომარეობს. იგი წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ ქრისტიანულ ნაგებობას საქართველოში, აშენებულ ბაზილიკური კომპოზიციის პროგრამის მიხედვით, მაგრამ მასში მკვეთრად ვლინდება ის საფუძვლები, რომლებიც განვლო ამ ტიპმა ნამდვილი ბაზილიკური ფორმის შეთვისების გზაზე.
No comments:
Post a Comment